top of page

რატომ ელექტრომობილი? ნაწილი V

  • elektromobili.ge
  • 28 дек. 2017 г.
  • 3 мин. чтения

საქართველოს ეკონომიკური სარგებელი


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ელექტრომობილების გავრცელება საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს, ისე რომ ამისთვის არც ელექტრომობილების წარმოების დაწყება და არც ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეების ქარხნის დაფუძნებაა საჭირო, რა თქმა უნდა, ესეც ცუდი არ იქნებოდა, პირიქით, მაგრამ გამოვიდეთ რეალობიდან და ამ ეტაპზე რეალურ სარგებელზე ვისაუბროთ.


ტურიზმის ხელშეწყობა


ყველა ტურისტის აქსიომაა: მივდივარ იქ სადაც უსაფრთხოა, დაბალი ფასებია, ფასის შესაბამისი მომსახურების ხარისხია, ბევრი ღირშესანიშნაობაა და ჯანსაღი გარემოა. იმ ქვეყანას, სადაც დიდ ქალაქებშიც კი სუფთა ჰაერია, უფრო მეტი შანსი აქვს მოიზიდოს ტურისტები, ვიდრე იმას, ვის დედაქალაქშიც ავტომობილების გამონაბოლქვისგან წარმოშობილი სმოგი არის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები ჩვენი ფილტვების გარდა ნიადაგში და წყალშიც ილექება.


ამდენად, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დროის მთავრობა ტურიზმით „გადარჩენით გვემუქრება“, ლოგიკურია, რომ იგივე მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, რათა შეასრულონ თავიანთი დანაპირები.


ელექტრომობილების შეძენაზე საქართველოს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თითო ლარის სუბსიდია, ათმაგად დაუბრუნდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს იმიჯის მქონე ქვეყანას ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად. მარტო განბაჟებაზე დაწესებული შეღავათები საკმარისი არ არის.


ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა


ვინც წინა სტატია წაიკითხა გავახსენებ, რომ ელექტრომობილის მფლობელის პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელზე გამოქვეყნებულ ყველა დიაგრამაზე მოცემული მქონდა ხელოვნურად გაზრდილი ტარიფის შემთხვევაში (100%-ით იმპორტირებული ელექტროენერგია) დამუხტვის ხარჯების გაანგარიშება. ასეთ შემთხვევაშიც კი ელექტრომობილის ფლობა უფრო მომგებიანია, ვიდრე შ.წ.ძ. მქონე ავტომობილის. ამდენად, ლოგიკურია, რომ ელექტრომობილების მასობრივი გავრცელება გამოიწვევს დამატებითი ელექტროენერგეტიკული სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობას. პირველ ეტაპზე ელექტროენერგიის იმპორტიც, რომ დაგვჭირდეს, სამომავლო პერსპექტივაში, იმპორტის ჩანაცვლება ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურებით სავსებით შესაძლებელია, მაშინ როდესაც ბენზინის და ბუნებრივი გაზის - არა.

თუ ეს ასეა, რატომ არ შენდება დღეს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები, დღესაც ხომ ნაწილობრივ (შემოდგომა-ზამთარში) დეფიციტი გვაქვს? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, საქმე ტარიფშია. იმისთვის, რომ ინვესტორმა ააშენოს ელექტროსადგური, მას უნდა მაღალი ტარიფი (5-10 აშშ ცენტამდე), რათა მოკლე ვადაში (8-10 წელი) ამოიღოს თავისი ინვესტიცია. სწორად აქ დაგვეხმარება ელექტრომობილები, რომელთა დამუხტვაც იმდენად იაფი ჯდება, რომ ძვირი ელექტროენერგიის შემთხვევაშიც კი მათი „საწვავი“ უფრო იაფია ვიდრე ბუნებრივი გაზი და ბენზინი. ინვესტორს და სახელმწიფოს ინტერესი გაუჩნდება, რომ ააშენოს ელექტროსადგური, რომლის ძვირი ენერგიის ნაწილს მოიხმარს ელექტრომობილის მფლობელი, ხოლო დანარჩენი მომხმარებელი ამის ხარჯზე მიიღებს შედარებით იაფ, ოღონდ უკვე საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიას. ამ სქემის სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად მოგიყვანთ ერთ მაგალითს არსებული რეალობიდან: ავტომობილების გაზ გასამართ სადგურებზე ბუნებრივი გაზის ღირებულება უფრო ძვირია, ვიდრე სახლში მოხმარებული ბუნებრივი გაზისა.

კიდევ უფრო რომ გავშალო ეს თემა და სიცხადე შემოვიტანო, გეტყვით შემდეგს: ელექტროსადგურები მხოლოდ ელექტრომობილების გამო კი არ უნდა ავაშენოთ, ისინი მაინც ასაშენებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება (დაახლოებით 5-8%-ით), შესაბამისად, სიმძლავრეების არ აშენების შემთხვევაში მოგვიწევს მისი იმპორტით შევსება. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა კი ეკონომიკურად სუსტია და დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. მეორეც, ისევ და ისევ, აღნიშნული „დამოკიდებულების“ შესასუსტებლად ისედაც საჭიროა არსებული იმპორტის და თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, საკუთარი განახლებადი ენერგიის წყაროთი. მაგრამ შეიძლება თუ არა ზუსტად იმდენი სადგური აშენდეს რამდენიც არსებული დეფიციტი გვაქვს და ყოველწლიური ზრდა, მაგალითად, უახლოესი 10 წლისთვის? კი, შესაძლებელია თუ ელექტროენერგიის წყარო თბოელექტროსადგურია, რომელიც მუშაობს ნახშირზე, ბუნებრივ გაზზე ან მაზუთზე. არა, არ შეიძლება თუ განახლებადი ენერგიებით გინდა ჩანაცვლება, ვინაიდან წყლის მოდინება, მზის ინტენსივობა და ქარი ბუნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ გჭირდება იმაზე მეტი აშენება ვიდრე გჭირდება. შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტორი მოითხოვს სიჭარბის ფულად კომპენსაციას, არავინ არ დათანხმდება ააშენოს ნებისმიერი ტიპის საწარმო, თუ მისი პროდუქციის ნაწილის ღირებულება წინასწარ არის ცნობილი, რომ არ ანაზღაურდება და ამისთვის კომპენსაციას არავინ გადაიხდის.

ამდენად, ნათელია, რომ ორი ინტერესი, ერთის მხრივ, განახლებადი ენერგიის წყაროდან გამომუშავებული ელექტროენერგიის არსებული დეფიციტი და ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის წყაროების შექმნა ერთმანეთს არათუ უშლის, არამედ პირიქით, საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკის ამ დარგს მიეცეს სერიოზული სტიმული და კიდევ უფრო განვითარდეს.


სხვა ეკონომიკური სარგებელი


საქართველოდან ყოველწლიურად ყველაზე ოპტიმისტური გაანგარიშებით საწვავში გადახდილი თანხის სახით გაედინება 350 000 000 აშშ დოლარზე მეტი, გასაშუალოებული გაანგარიშებით დაახლოებით 800 000 000 აშშ დოლარი, ხოლო პესიმისტური გაანგარიშებით თითქმის 1 500 000 000 აშშ დოლარი.

შენიშვნა: გათვლები ეყრდნობა შემდეგ მონაცემებს: ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება - 2 ლარი, 2,25 ლარი და 2,5 ლარი; 100 კმ-ზე საწვავის ხარჯი - 5 ლიტრი, 6,5 ლიტრი და 8 ლიტრი; დღეში ავტომობილის მიერ გავლილი მანძილი - 30 კმ., 65 კმ. და 100 კმ.; ავტომობილების რაოდენობა - 1 000 000 ცალი; 100 კმ.-ზე 5 და 8 ლიტრი საწვავის მქონე ავტომობილების თანაფარდობა - 25% - 75%; ერთი აშშ დოლარის ღირებულება - 2,65 ლარი.


ამდენად, ვალუტის ასეთი გადინების შემცირება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის დევალვაციის და უარყოფითი სავაჭრო ბრუნვის შემცირებას.


ელექტრომობილებს უფრო ნაკლები ნაწილი აქვთ, ვიდრე შ.წ.ძ. ავტომობილებს და ამასთანავე, უფრო ნაკლები ნაწილი უფუჭდებათ. ვინაიდან ქვეყანა ავტომობილების და მათი ნაწილების იმპორტიორია, ელექტრომობილების გავრცელების შედეგად აქაც ნაკლები იმპორტი გახდება საჭირო, შესაბამისად, ესეც ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის დევალვაციის და უარყოფითი სავაჭრო ბრუნვის შემცირებას.


ამდენად, აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკა და შესაბამისად, მოსახლეობა, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ელექტრომობილების გავრცელებით.


მეხუთე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება ...


იხილეთ:


Comentários


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page