რატომ ელექტრომობილი? ნაწილი II
- elektromobili.ge
- 17 окт. 2017 г.
- 2 мин. чтения
ჩანასახში მოკლული იდეა
მსოფლიოში პირველი ავტომობილი იყო ელექტრო, რასაც ხელი ნიკოლო ტესლას გამოგონებამ შეუწყო. თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ელექტრული ინფრასტრუქტურა ჩანასახის ეტაპზე იმყოფებოდა და როგორც კი მსოფლიოში ცნობილმა, მაშინ ჯერ უცნობმა, ფორდა მის მიერ წარმოებული ავტომანქანა თხევად საწვავზე აამუშავა, ძალიან მალე ელექტრომობილები თითქმის ერთი საუკუნით მიეცა დავიწყებას. იმ ხანაში არც ეკოლოგიაზე ზრუნავდა ვინმე და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი საუკუნის შემდეგ „რკინის ცხენები“ გარემოს ერთ-ერთ მთავარ დაბინძურების წყაროდ გადაიქცეოდნენ.
სახიფათო რეალობა
დღევანდელ რეალობაში შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები დიდი და საშუალო ზომის ქალაქების ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა. მათი წვლილი გლობალურ დათბობაში საგრძნობია იმდენად, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ მიზნად დაისახა ამ ტიპის ტრანსპორტის ეტაპობრივი შემცირება და საბოლოოდ აკრძალვა. აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ელექტრომობილების ინდუსტრიის ზრდის საგრძნობი ტემპები, რამაც ამ ტრანსპორტით არსებული შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების ჩანაცვლების პერსპექტივა რეალური გახადა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მესვეურთათვის.
რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების ფარულ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ აშშ და ნორვეგიის გარდა, შავი ოქროს მომპოვებელი ქვეყნები ძირითადად წარმოადგენენ ისლამური ტერორიზმის ხელშემწყობ ან გულშემატკივარ, ავტოკრატულ და არადემოკრატიულ ან კვაზიდემოკრატიულ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ასეთი სახელმწიფოების მიერ ნავთობის მოპოვებასა და გასაყიდ ფასებზე გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ამავე დროს, დემოკრატიულ ქვეყნებშიც მზარდია შიდა წინააღმდეგობა ნავთობმაგნატების მიმართ, რომლებიც ძირითად ქვეყნის რეტროგრადულ მმართველ ელიტას მიეკუთვნებიან და გარდა ამისა, შეგნებული აქვთ „ნავთობის ეკონომიკის“ მქონე ქვეყნების ეკონომიკური კოლაფსის რისკის საფრთხე ამ რესურსის ამოწურვის ან ფასების მკვეთრი შემცირების შემთხვევაში.
რეინკარნაციის სუსტი მცდელობა
ამ მიზეზის მიუხედავად, მთავარი შეფერხება, რომელიც აქამდე გააჩნდა ელექტრომობილების მასობრივ გავრცელებას იყო რამდენიმე:
კლასთან შეუსაბამოდ დიდი ფასი;
მცირე გაბარიტები;
პატარა გამავლობა და სამუხტი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან სიმწირე;
დაბალი აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე;
ელექტრომობილების სხვადასხვა ტიპების (ჰეჩბექი, სედანი, კროსოვერი, ყველგანმავალი, სატვირთო და სამგზავრო) არ არსებობა;
ნავთობის მისაღები ფასები.
შესაბამისად, ნისან ლიფის მსგავსმა მანქანებმა ვერ შეძლეს, რადიკალური გარდატეხის შეტანა ელექტრომობილების გავრცელების საქმეში. 2010 წლიდან 2017 წლამდე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის - ნისან ლიფის მხოლოდ 250 000 ერთეული გაიყიდა, რაც ზღვაში წვეთია.
ადამიანი, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები და რომელიც ცვლის მსოფლიოს
ილონ მასკს ამ საიტზე ხუთი სტატია მივუძღვენი, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ გამეორებით, ვისაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, რომ წაიკითხოთ, შემდეგი სტატიები:
მოკლედ ვიტყვი, რომ ილონ მასკმა ელექტრომობილების გავრცელების ხსენებული შემაფერხებელი ფაქტორებიდან პირველი ოთხი სრულად აღმოფხვრა, მე-5 ფაქტორიდან შესასრულებელი აქვს ყველგანმავალი, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის შექმნა, რომელთა შექმნის სურვილი, და ჩანასახოვანი კონცეპტი გაცხადებული აქვს. რაც შეეხება ნავთობის ფასს, ეს ფაქტორი თავისთავად გაქრება, ვინაიდან მისაღები ფასისა და კლასის ელექტრომობილი გაცილებით ნაკლებ „საწვავს“ ხარჯავს, ვიდრე მისი ბენზინის ან დიზელის ანალოგი.
ამ პიროვნებას თამამად შეგვიძლია „მითების მმსხვრეველი“ ვუწოდოთ. მისი დამსახურებაა ისიც, რომ ყველა მსხვილმა და მსოფლიო ბრენდების მფლობელმა ავტოკონცერნებმა განაცხადეს ელექტრომობილებზე ტოტალური გადასვლის გეგმა, იმის შიშით, რომ ტესლამ მომავალში ხელში არ ჩაიგდოს ავტომობილების ბაზრის უდიდესი ნაწილი.
უახლოესი პროგრესი და ნავთობის ხანის დასასრულის დასაწყისი
მიმდინარე წელი ნიშანდობლივია იმით, რომ ხელი მოეწერა პარიზის „კლიმატის შეთანხმება“-ს და „შეგნებული ქვეყნების“ ნაწილმა გადაწყვიტოს უდიდესი ძალისხმევა მიმართონ მავნე გამონაბოლქვის შემცირებისთვის. ამ ფონზე, რამდენიმე სახელმწიფომ უკვე განაცხადა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვების აკრძალვის შესაძლო გეგმა-გრაფიკები, კერძოდ:
1. ნორვეგია - 2025 წლიდან;
2. ჰოლანდია - 2030 წლიდან;
3. შოტლანდია - 2032 წლიდან;
4. დიდი ბრიტანეთი (შოტლანდიის გარდა) – 2040 წლიდან;
5. გერმანია - 2040 წლიდან;
6. ინდოეთი - 2030 წლიდან.
7. ჩინეთი - 2019 წლიდან თითოეული მწარმოებლის მიერ გაყიდული ავტომობილების 10% უნდა იყოს ელექტრო, ხოლო 2020 წლიდან კი - 12 %.
თუ ეს მოძრაობა გავრცელდა და გაიზარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ხანა უფრო მალე დასრულდება, ვიდრე ბევრს ჰგონია.
მეორე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება ...

იხილეთ:
Comments