top of page

რატომ ელექტრომობილი? ნაწილი I

  • elektromobili.ge
  • 14 окт. 2017 г.
  • 2 мин. чтения

ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მრავალს დაესწარით, ამ დღის მადლი გფარავდეთ!


ამ სტატიის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, ვინაიდან როდესაც რაღაცას აკეთებ და სხვას ეუბნები, რომ ეს კარგია, რასაც აკეთებ, შენ თვითონ უნდა ჰქონდეს გააზრებული რისთვის აკეთებ და რა სარგებელს მოუტანს იმათ ვისთვისაც აკეთებ.


იმედია მომიტევებთ ჩემს მწირე ქართულსა და მხატვრული წერის დაბალ კულტურას, ჩემი თხოვნაა, შეძლებისდაგვარად, ყურადღება მიაქციოთ არს და არა ფორმას. ვისაც არ შეგიძლიათ მომიტევოთ, მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ, სხვა საიტზე გადახვიდეთ, იქ უფრო საინტერესოა.


როგორც ბევრი თქვენგანი, სავარაუდოდ, მიხვდა, არ ვარ ავტომობილის მოყვარული, არასდროს მყოლია იგი, არც მართვის მოწმობა მაქვს და არც მისი მართვა ვიცი (თუ, რა თქმა უნდა, საჭის მექანიკური ტრიალი არ მიგაჩნიათ ამ საქმის ცოდნად).


ელექტრომობილის არსებობა ამ ხუთიოდე წლის წინ გავიგე; ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, სამსახურში, ჩემი მეგობრები უყურებდნენ ტესლა მოდელ ესი-ს ტესტ-დრაივს, რომელსაც ცნობილი ვიდეო-ბლოგერი და სტრესდრაივერი დავიდიჩი, იგივე ერიკ დავიდოვიჩ ქიტუაშვილი ატარებდა. გაოგნებული დავრჩი, როდესაც ვნახე, „ბორბლებიანი სმარტფონი“, თანაც საკმაოდ ლამაზი დიზაინის, სწრაფი და ა.შ. ამავე ვიდეოში გავიგე ილონ მასკის არსებობა და, ჩემი სამყარო, ყველა შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში არ არის ჩაფლული, რადიკალურად შეიცვალა. ამის შემდეგ, ინტერნეტში ბევრი ვიდეო ვნახე და ინფორმაცია წავიკითხე როგორც ელექტრომობილებზე, ისე ილონ მასკზე და როდესაც გამოვედი ეიფორიიდან მივხვდი სად არიან ისინი, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, ისრულებენ ყველაზე გიჟურ ოცნებებს და სად ვართ ჩვენ.


განსაკუთრებით, მძიმეა იმის შეგრძნება, რომ რეალურად არაფრის შეცვლა არ შეგიძლია ფულის და ცოდნის არქონის და ბევრი სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო. მივხვდი იმას, რომ ახალმა ცოდნამ უფრო მეტი სადარდებელი მომცა, ვიდრე სიამოვნება მომანიჭა და ყოველი ახალი ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო მიმძიმებს ამ შეგრძნებებს. ამდენად, გადავწყვიტე, რომ რადგან მე არაფრის შეცვლა შემიძლია მარტოს, აუცილებელია ამაში საზოგადოების დახმარება, რათა ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, თუ დროულად მიიღებენ ინფორმაციას და ცოდნას, მსგავს, დადებით ზეგავლენას მოახდენენ ჩვენს სამშობლოზე, მოახდენენ კულტურულ, ეკონომიკურ ან მსოფლმხედველურ პროგრესს, მოკლედ შეცვლიან იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ უკეთესობისკენ. ერთია, როცა სიტყვით გიყვარს საქართველო, მაგრამ საქმით არ იცი ეს სიყვარული როგორ უნდა გამოხატო ყველაზე ეფექტური გზით.


თუმცა თანამოაზრეების პოვნამდე, გადავწყვიტე, რომ ჯერ ყველას გავაგებინო და დავეხმარო აღმოაჩინოს ის სამყარო, რომელსაც ელექტრომობილი, ილონ მასკი, განახლებადი ენერგიები და სუფთა გარემო ჰქვია. შესაბამისად, ამის ერთადერთ გზად, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვებ-გვერდის შექმნა დამესახა. ამავე დროს, ვიცოდი და გააზრებული მქონდა, რომ დილეტანტი ვარ და როგორც კი ვინმე შექმნიდა უკეთეს, ჩემ ენერგიას და ცოდნას მის დასახმარებლად მივაქცევდი.


ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ქართული რესურსი, რომელიც მარტო ელექტრომობილების პოპულარიზაციით არის დაკავებული არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს, დავინახე, რომ მარტო არ ვარ. ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და შემაგულიანეს, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა ეს, რისთვისაც მადლობა ყველას, როგორც ადრე ვთქვი, თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა.


ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებასთან და მხარდამჭერების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა გამიქრა ის განცდა, რომ საქართველოში ელექტრომობილების და ზოგადად, ილონ მასკის იდეების გავრცელება-განვითარებას მომავალი არ აქვს. შესაბამისად, ამ, ვისთვის, პათეტიკურ-ლირიკული, ვისთვის სასაცილო თუ გამაღიზიანებელი შესავალის შემდეგ, მსურს წარმოგიდგინოთ, ჩემი მოსაზრებები, ელექტრომობილების გავრცელების ავკარგობაზე და ამის მიღწევის პრაქტიკულ გზებზე. დავიწყოთ მცირე ისტორიული ექსკურსით და მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიმოხილვით.


პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება...

იხილეთ:


Comments


© სს „ელექტრომობილი“

გვადევნეთ თვალყური სოციალურ ქსელებში
  • Facebook Basic Black
  • LinkedIn Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Google+ Social Иконка
  • Twitter Социальные Иконка
bottom of page