განახლებული ნისან ლიფ 2018
- elektromobili.ge
- 8 сент. 2017 г.
- 2 мин. чтения



კიდევ ერთი წარდგინება ელექტრომობილების ინდუსტრიაში, რომელსაც მთელი წელი ველოდებოდით, როგორც იქნა შედგა, კერძოდ, რენო-ნისანის ალიანსმა განაახლა მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი ნისან ლიფი და გამოუშვა მისი ახალი ვერსია, რომლის მასობრივი გაყიდვებიც 2018 წლიდან დაიწყება. მართალია, მე პირადად უფრო მეტს ველოდი ამ ელექტრომობილისგან, ყოვეელ შემთხვევაში ასე იყო დაანონსებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა, ჩემი აზრით, განსაკუთრებით დადებით შედეგს გამოიღებს საქართველოს მეორადი ელექტრომობილების ბაზარზე; 2016 წლის მოდელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებული ლიფ-ის გამოჩენა ბაზარზე წაახალისებს მისი ძველი ვერსიების მფლობელებს „მოიშორონ“ ისინი, რათა შეისყიდონ ახალი ვერსია. „მოშორებული“ ვერსიების სიჭარბე კი გამოიწვევს მათი ფასის საგრძნობ კლებას, რაც, ლოგიკურად, უნდა აისახოს საქართველოს მეორადი ელექტრომობილების ბაზარზე.
ახლა მოდით ვნახოთ რა მახასიათებლები აქვს ახალ ნისან ლიფს, რომელსაც პირობითაც „ნისან ლიფ 2018-ს“ ვუწოდებთ.
ნისან ლიფ 2018-ს, ერთ დატენვაზე, მწარმოებლის მიხედვით, შეუძლია გაიაროს 241 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 40 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. სწორედ ამ მოლოდინზე ვსაუბრობდი მანამდე, ვინაიდან დაანონსებული იყო 265 კმ გამავლობის მქონე ელექტრომობილის გამოშვება. თუმცა შესაძლებელია რენო-ნისანის ალიანსმა ტესლასგან აიღოს მაგალითი და მეტი გამავლობის მქონე ვერსია მომხმარებლებს უფრო ძვირ ფასად შესთავაზოს.
ნისან ლიფ 2018 აღჭურვილია 110 კილოვატიანი (147ც/ძ) ცვლადი დენის სინქრონული ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 320 ნიუტონ მეტრს.
სახლის 240 ვოლტიანი სპეციალური დამტენის მეშვეობით ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 35 კმ-ით დამუხტვა შესაძლებელია 1 საათში. ქუჩის 50 კილოვოლტიან სატენზე განახლებული ნისან ლიფის დამუხტვა 141 კმ-ით შესაძლებელია 30 წუთში.
აშშ-სთვის წარმოებული:
ნისან ლიფ 2018 S-ის ფასი 29 990-დან 32 030 აშშ დოლარამდე მერყეობს
ნისან ლიფ 2018 SV-ის ფასი 32 490-დან 36 235 აშშ დოლარამდე მერყეობს
ნისან ლიფ 2018 SL-ის ფასი 36 200-დან 37 495 აშშ დოლარამდე მერყეობს
იხილე მსგავსი სტატიები:
Comments