ჰონდა ფიტ ივი
- elektromobili.ge
- 22 июл. 2017 г.
- 2 мин. чтения





ჰონდა ფიტ ივი (Honda Fit EV) წარმოადგენს „ჰონდა მოტორ კომპანი“-ს მიერ შექმნილ ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილს. მისი გაყიდვები დაიწყო აშშ-ში, 2012 წლის ივლისიდან.
ჰონდა ფიტ ივი-ს, ერთ დატენვაზე, EPA-ს მიხედვით, შეუძლია გაიაროს 132 კმ (NEDC-ს მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის), რასაც ელექტრომობილში არსებული 20 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს.
ჰონდა ფიტ ივი-ს 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარებაზე და მაქსიმალურ სიჩქარეზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ჰონდა ფიტ ივი აღჭურვილია ელექტრული ძრავით, რომელიც სამ რეჟიმში მუშაობს:
სპორტულ რეჟიმი - 92 კილოვატი (123 ც/ძ);
ჩვეულებრივი რეჟიმი - 75 კილოვატი (100 ც/ძ);
ეკონომიური რეჟიმი - 47 კილოვატი (63 ც/ძ).
ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 189 ნიუტონ მეტრს.
ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,475 ტონას. მაქსიმალურად დატვირთულ მდგომარეობაში ამ ელექტრომობილის წონაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
ჰონდა ფიტ ივი-ს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის 4115/1719/1580 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 2499 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე - ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
სახლის პირობებში, 240 ვოლტზე ჰონდა ფიტ ივი-ს სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 3 საათში, ხოლო 120 ვოლტზე - 15 საათში. სახლის სპეციალური 6,6 კილოვოლტიანი დამტენის მეშვეობით ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 17%-ით დამუხტვა შესაძლებელია 30 წუთში. ქუჩის მუდმივი დენის სპეციალურ სატენზე დამუხტვის დროზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
EPA-ს მიხედვით, ჰონდა ფიტ ივი ყოველ 100 კმ მოიხმარს დაახლოებით 18 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 19,25 კილოვატსაათით ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 27 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისათვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 5,94 ლარად (27*0,22). თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 100 კმ-ზე დახარჯული კილოვატსაათის რაოდენობა გაანგარიშებულია EPA-ს შეფასებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 50% ცდომილება არ გვექნება. სხვა ელექტრომობილებზე ანალოგიურ გაანგარიშებებს საფუძვლად დავუდე ან NEDC-ის ან თავად მწარმოებლის ინფორმაცია, სადაც ცდომილება 50% ფარგლებში სავსებით დასაშვებია.
ამასთან, საქართველოს რეალობისთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული საწარმო შპს „ი-სპეისი“-ს მიერ დამონტაჟებულ ქუჩის სპეციალურ სამფაზიან სამუხტ პუნქტებში თქვენ საშუალება გაქვთ უფასოდ დამუხტოთ თქვენი ელექტრომობილი. სამუხტი პუნქტების რუქა იხილეთ აქ: http://www.e-space.ge/ge/chargers.
აშშ-სთვის წარმოებული ჰონდა ფიტ ივი-ს ფასი 37 000 აშშ დოლარიდან იწყება.
ჰონდა ფიტ ივი-ს საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.
იხილე მსგავსი სტატიები:
Comments