ბი-ვაი-დი ე6
- elektromobili.ge
- 20 июн. 2017 г.
- 2 мин. чтения

ბი-ვაი-დი ე6 (BYD e6) წარმოადგენს ჩინური ავტომობილების მწარმოებელი კორპორაცია „ბი-ვაი-დი აუტო“-ს მიერ შექმნილ ელექტრომობილს. მისი გაყიდვები დაიწყო 2011 წლის ოქტომბრიდან. ვიკიპედიის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩინეთის მასშტაბით სულ გაყიდულია ამ ელექტრომობილის დაახლოებით 32 000 ეგზემპლარი.
ბი-ვაი-დი ე6-ს, ერთ დატენვაზე, მწარმოებლის განცხადებით, შეუძლია გაიაროს 300 კმ, NEDC-სა და EPA-ს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ელექტრომობილს აქვს 61,4 კილოვატსაათი ენერგიის მქონე ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტების ბატარეა. ბი-ვაი-დი ე6-ს, 0-დან 100 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია 9,2. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 140 კმ/სთ-ში. ბი-ვაი-დი ე6 აღჭურვილია 90 კილოვატიანი (121 ც/ძ), მუდმივი მაგნიტის სინქრონული ელექტრული ძრავით. ძრავის ბრუნვის მომენტი შეადგენს 450 ნიუტონ მეტრს.
ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 2,38 ტონას. ინფორმაცია ელექტრომობილის მაქსიმალურად დატვირთულ წონაზე ხელმისაწვდომი არ არის. ტვირთის მაქსიმალური წონა შეადგენს 0,375 ტონას.
ბი-ვაი-დი ე6-ის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, უდრის 4560/1822/1645 მილიმეტრს. საბურავის ბაზა (მანძილი წინა საბურავის ცენტრიდან უკანა საბურავის ცენტრამდე) შეადგენს 2830 მილიმეტრს. მანძილი მანქანის ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილიდან მიწამდე არის 150 მმ.
სხვა ინფორმაციისგან განსხვავებით მწარმოებლის საიტზე საკმაოდ დეტალურად არის მოცემული სახლის სპეციალური კედელზე დამონტაჟებული სატენების სპეციფიკაციები. მწარმოებელი, სავარაუდოდ დამატებით ფასად, გვთავაზობს: • 220 ვოლტიან (ერთ ფაზიანი) სატენს შემდეგი პარამეტრებით: დენის ძალა 32 ამპერი, ძაბვა 7 კვ., რომლის მეშვეობითაც ელექტრომობილს 8-9 საათში დამუხტავთ. • 380 ვოლტიან (სამ ფაზიანი) სატენს შემდეგი პარამეტრებით: დენის ძალა 63 ამპერი, ძაბვა 40 კვ., რომლის მეშვეობითაც ელექტრომობილს 2 საათში დამუხტავთ. სახლის პირობებში, 240 ვოლტზე ბი-ვაი-დი ე6-ის დამუხტვაზე ინფორმაცია არ არის ხელისაწვდომი.
მწარმოებლის მიხედვით, ბი-ვაი-დი ე6 ყოველ 100 კმ-ზე მოიხმარს დაახლოებით 20 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. დავუშვათ, რომ ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის დამუხტვისთვის, დამატებით იკარგება 50%-ით მეტი ელექტროენერგია და 20 კილოვატსაათის ნაცვლად, 100 კილომეტრის გასავლელად საჭიროა 30 კილოვატსაათი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფებიდან, ყველაზე მაღალი დადგენილი აქვს 301 კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებელს, რაც შეადგენს თითქმის 0,22 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) ერთი კილოვატსაათისთვის. გამოდის, რომ საქართველოში, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ამ ელექტრომობილის დამუხტვის შემთხვევაში, ყოველი 100 კილომეტრის გავლა შეგვეძლება 6,6 ლარად (30*0,22).
რაც არ უნდა უცნაური იყოს მწარმოებლის ვებ-გვერდზე არ არის მითითებული ელექტრომობილის ფასი. ვიკიპედიის მიხედვით, აშშ-თვის წარმოებული ბი-ვაი-დი ე6-ის ფასი შეადგენს 52 000 აშშ დოლარს.
მწარმოებლის ვებ-საიტზე არც გარანტიებზე ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. ვიკიპედიის მიხედვით, მწარმოებელი 10 წლიან გარანტიას იძლევა ელემენტების ბატარეაზე, თუმცა უფრო სანდო წყაროებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ მწარმოებლის საიტზე და იქ არსებულ ბროშურებში მოყვანილი ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს, კერძოდ, ამ ელექტრომობილზე ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებია მოყვანილი.
コメント