ვინ არის ილონ მასკი და როგორც ცვლის იგი სამყაროს (IV ნაწილი)
- ალეკსეი იონოვი
- 30 апр. 2017 г.
- 3 мин. чтения
სპეის იქსი (SpaceX) და ტესლა მოტორსი (Tesla Motors)
პეიპელიდან (PayPal) წამოსვლის შემდეგ, მან განაგრძო საქორწინო მოგზაურობა, რა დროსაც მას მალარიის სახიფათო ფორმა შეეყარა და კინაღამ გარდაიცვალა. სრულ გამოჯანმრთელებას ნახევარი წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, იგი 20 კილოგრამით გახდა.
პეიპელის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე, ილონს და ჟიუსტინს პირველი შვილი გაუჩნდათ. მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე იყო - ბავშვი მალევე გარდაიცვალა „უეცარი ბავშვური სიკვდილის სინდრომი“-ს (ლათ. mors subita infantum, ინგ. sudden infant death syndrome, SIDS) შედეგად. მასკი ამ დარდს მისთვის ჩვეული ხერხით გაუმკლავდა - თავიდან ფეხებამდე ჩაეფლო მუშაობაში. მოგვიანებით მისი კოლეგები იხსენებდნენ, რომ სამსახურის პრობლემები ილონს ცრემლებს ჰგვრიდა, მაგრამ ეს ვარამი მან ჩუმად გადაიტანა. მასკს არ უყვარდა მისი პირადი ცხოვრების გამომზეურება.
ვინაიდან პეიპელზე მასკის ზეგავლენა შემცირდა, მან გაიხსენა მისი ბავშვობის გატაცება კოსმოსით. იგი გრძნობდა, რომ მსოფლიომ უკეთესი მომავლის რწმენა დაკარგა და მოინდომა კაცობრიობის შთაგონება ახალი მიღწევებისთვის. ილონის თავდაპირველი გეგმები საკმაოდ გულუბრყვილო იყო - მას უნდოდა ძველი რუსული ბალისტიკური რაკეტის შესყიდვა და მისი მეშვეობით კოსმოსური ხომალდის გაშვება მარსზე. პროექტი ჩაფლავდა - მასკი ვერ შეთანხმდა გამყიდველთან ფასზე. სწორად მაშინ მოუვიდა მას აზრად პატარა ეკონომიური რაკეტების გამოშვების იდეა, რომლებიც, გაშვების დაბალი ღირებულების გამო, შეძლებდნენ დედამიწის ორბიტაზე კომერციული გადაზიდვების ბაზრის დაპყრობას.
იმ დროისთვის მასკს წარმოდგენა არ ჰქონდა რაკეტების აწყობაზე. სამუშაოთა მოცულობა ცუდად ჰქონდა გააზრებული, შესაბამისად, მან დათქვა ძალიან ოპტიმისტური ვადები, რომელთა განხორციელება არარეალური იყო. კრიტიკოსები ხშირად ბრალს დებდნენ ტყუილში, მაგრამ მასკს მართლა სჯეროდა თავისი სიტყვების და თავგამოდებით შრომობდა, რათა წარმოთქმული სინამდვილედ ექცია. ასეთივე მოლოდინი ჰქონდა მასთან დასაქმებულებისგანაც, ამიტომ, მუშაკები, რომლებიც არ იყვნენ მზად ემუშავათ დღეში 12-16 საათი, დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ მასთან. 2002 წლის ივნისში მან დააფუძნა კოსმოსის გამოკვლევის ტექნოლოგიების კორპორაცია (Space Exploration Technologies Corporation) ანუ სპეის იქსი. თავდაპირველად მასკს მხოლოდ ძრავების გამოშვება სურდა, ხოლო დანარჩენი დეტალების შესყიდვას გარე მიმწოდებლებისგან აპირებდა. თუმცა, მალევე დარწმუნდა, რომ დამაკმაყოფილებელი ხარისხის მიღწევა მხოლოდ თავად შეეძლო.
სპეის იქსის პარალელურად მასკი ელექტრომობილებითაც დაინტერესდა. ამაზე მას ორმა ნაცნობობამ უბიძგა - ჯერ იგი შეხვდა ნიჭიერ ინჟინერს ჯეფრი ბრაიან იგივე ჯეიბი შტრობელს, რომელიც მუშაობდა ელექტრომობილის ეკონომიურ ბატარეაზე, ხოლო შემდეგ გადაიკვეთა მარტინ ებერხარდთან და მარკ ტარპენინგთან, ტესლა მოტორსის დამფუძნებლებთან, რომელთა მიზანი იყო ახალი თაობის ელექტრომობილების შექმნა. მასკი მოიხიბლა ამ იდეით და ტესლაში 7 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, რითაც უმსხვილესი აქციონერი გახდა. ამასთან, საწარმოს ოპერატიული მართვა მის დამფუძნებლებთან დარჩა. ტესლა როუდსტერის პირველ პროტოტიპებს კლიენტები ენთუზიაზმით შეხვდნენ, საწარმომ პირველი შეკვეთები მიიღო. თუმცა საცალო წარმოებიდან მასობრივზე გადასვლის მცდელობამ, კინაღამ გააკოტრა საწარმო.
ორივე საწარმოს მასკი საკუთარი ჯიბით აფინანსებდა, ამიტომაც, იგი გაკოტრების პირას აღმოჩნდა. მასკის ანგარიშებზე თანხები იცლებოდა, ხოლო სამუშაოები სპეის იქსის პირველ რაკეტაზე „ფელკენ 1“ (Falcon 1) ოთხი წლით ჩამორჩებოდა გრაფიკს. ფელკენ 1-ის პირველმა სამმა გაშვებამ წარუმატებლად ჩაიარა. კოსმოსურ წარმოებაში, საწყის ეტაპზე, წარუმატებლობის წყება ჩვეულია, თუმცა სპეის იქსს ასეთი „ფუფუნების“ შესაძლებლობა არ ჰქონდა. ინჟინერებმა გამოასწორეს ხარვეზები და მეოთხე გაშვება წარმატებული იყო, მაგრამ მეხუთე გაშვებისთვის ფული აღარ დარჩა.
„ნასა-ს (NASA) აქვს სულელური პრინციპი - შეცდომები დაუშვებელია. ჩემს კომპანიაში წარუმატებლობა დასაშვებია. თუ რაღაცა არ იშლება, ე.ი. თქვენ არასაკმარისად კარგად იგონებთ.“ ილონ მასკი
ტესლას საქმე კიდევ უფრო ცუდად იყო. კონტრაჰენტები მუდმივად „აგდებდნენ“ დეტალების მოწოდებას, ხარჯები იზრდებოდა, საზოგადოების მოთმინების ფიალა ივსებოდა. ოპტიმისტური გათვლებით, ტესლა როუდსტერის ღირებულება შეადგენდა 170-200 ათასს აშშ დოლარს, ხოლო ტესლა გეგმავდა როუდსტერის გაყიდვას 85 ათას აშშ დოლარად. ებერჰარდის მმართველობამ მასკს იმედები გაუცრუვა და ილონმა იგი გადააყენა თანამდებობიდან. მარტინმა მძიმედ გადაიტანა გათავისუფლება და მასმედიაში მასკის საწინააღმდეგო კომპანია წამოიწყო. მათ ურთიერთობაში დაძაბულობამ დროთა განმავლობაშიც არ გაიარა, თუმცა ებერჰარდმა მოგვიანებით აღიარა, რომ მასკის გარეშე ტესლა დასაწყისშივე გაკოტრდებოდა.
ილონს მძიმე დღეები დაუდგა. არავის აღარ სჯეროდა მისი წამოწყებების წარმატების, ხოლო სპეის იქსისა და ტესლას წარუმატებლობები კიდევ უფრო ამყარებდა ამ წარმოდგენებს. პრესაში გაჟონა ინფორმაციამ ორივე საწარმოს ფინანსურ პრობლემებზე.
დაღმასვლა დაიწყო პირად ცხოვრებაშიც. მასკისთვის ოჯახი, სამსახურთან შედარებით, მეორეხარისხოვანი იყო. მიუხედავად, იმისა, რომ ილონი და ჟიუსტინი მრავალი წელი იყვნენ ერთად და ზრდიდნენ ხუთ შვილს, ჟიუსტინს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ქმრისთვის იგი აქსესუარის მსგავსი იყო. მათი ქორწინება ჩიხში შევიდა და ილონმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. მასკი, განქორწინებას, როგორც ბიზნეს-პროექტს ისე მიუდგა - ცდილობდა მიეღწია მაქსიმალურად ხელსაყრელი შედეგისთვის. პრესა გაოგნებული იყო იმით, თუ რატომ დავობს მულტიმილიონერი მისი ხუთი შვილის დედასთან კომპენსაციის თანხაზე. მაგრამ ილონს არ შეეძლო ზედმეტი ხარჯების გაწევა.
2008 წლის დეკემბერში ილონს გაუთავდა ფული. თუ იანვრისთვის ილონი ვერ იშოვნიდა საჭირო დაფინანსებას, ტესლა უნდა გამოცხადებული გაკოტრებულად, ხოლო სპეის იქსის თანამშრომელები ხელფასის გარეშე დარჩებოდნენ. მასკის გათვლებით, მას მოუწევდა რომელიმე საწარმოს შეწირვა, მეორის გადარჩენის მიზნით, მაგრამ მან ვერ შეძლო ასეთი არჩევანის გაკეთება.
მეოთხე ნაწილის დასასრული.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: გვინეტ პელტროუ, რობერტ დაუნი უმცროსი და ილონ მასკი, ფილმში „რკინის კაცი-2“. რობერტ დაუნი უმცროსმა აღიარა, რომ მისი პერსონაჟი ნაწილობრივ ილონ მასკის პიროვნებიდან არის გადმოწერილი და ამიტომაც დაითანხმა ილონი „რკინის კაცი-2“-ში კამეოზე.

Comments