მიცუბიში აი-მიივ
- elektromobili.ge
- 18 февр. 2017 г.
- 2 мин. чтения

მიცუბიშის ინოვაციური ელექტრული ტრანსპორტი (Mitsubishi Innovative Electric Vehicle) - ასე განიმარტება მიცუბიში მოტორსის ჰეჩბექის ტიპის ელექტრომობილის მიცუბიში აი-მიივ-ის (Mitsubishi i-MiEV) აკრონიმი. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2009 წელს. ევროპაში აღნიშნული ელექტრომობილი რებრენდირებულია როგორც პეჟო იონ-ი (Peugeot iOn) და სიტროენ სიზერო (Citroën C-Zero).
მიცუბიში აი-მიივ-ი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ელექტრომობილს, რომელიც აკმაყოფილებს აშშ-სა და ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებს. 2009 წლიდან 2016 წლის ივლისამდე მსოფლიოში გაიყიდა 37 600 ცალი მიცუბიში აი-მიივ-ი.
მიცუბიში აი-მიივ-ს, ერთ დატენვაზე, შეუძლია გაიაროს 100 კმ, რასაც ელექტრომობილში არსებული 16 კვტ.სთ ენერგიის მქონე ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეა უზრუნველყოფს. ეს ციფრი გამოთვლილია EPA-ს მიხედვით (EPA ანუ აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო). ამასთან, მწარმოებელი აცხადებს, რომ ელექტრომობილს შეუძლია 150 კილომეტრის გავლა (როგორც ჩანს, მწარმოებელი ამას NEDC-ს მეთოდზე დაყრდნობით აცხადებს), თუმცა პრაქტიკა მოწმობს რომ EPA-ს გამოთვლები უფრო შეესაბამება სინამდვილეს.
მიცუბიში აი-მიივ-ს, 0-დან 100 კმ/სთ.-ში სიჩქარის განვითარება, შეუძლია სულ ცოტა 15,9 წამში. მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 130 კმ/სთ-ში.
ამ ელექტრომობილის წონა, ცარიელ მდგომარეობაში, შეადგენს 1,12 ტონას. მაქსიმალური ტვირთი, რომელიც შეიძლება გადაზიდოს მიცუბიში აი-მიივ-მა შეადგენს 0,33 ტონას, შესაბამისად, მაქსიმალურად დასაშვები წონა შეადგენს 1,45 ტონას.
სახლის პირობებში, 120 ვოლტზე მიცუბიში აი-მიივ-ის სრული დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 14 საათში (12 ამპერი) ან 22 საათში (8 ამპერი), ხოლო 220-240 ვოლტზე - დაახლოებით 7-8 საათში. სახლის სპეციალურ 220 ვოლტიან (15 ამპერი) სატენებზე დამუხტვა შესაძლებელია 6 საათში. ქუჩის CHAdeMO-ს ტიპის სპეციალურ სატენზე ელექტრომობილის ელემენტების ბატარეის 80%-ით დამუხტვა შესაძლებელია 30 წუთში.
აშშ-სთვის წარმოებული მიცუბიში აი-მიივ-ის ფასი მერყეობს დაახლოებით 23 000 აშშ დოლარიდან 27 000 აშშ დოლარამდე.
აშშ-სთვის წარმოებულ მიცუბიში აი-მიივ-ს მოჰყვება შემდეგი სახის გარანტიები: ა) ზოგადი - 3 წელი ან დაახლოებით 58 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ბ) ძალოვანი აგრეგატი - 5 წელი ან დაახლოებით 96 500 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; გ) ლითიუმ-იონური ელემენტების ბატარეისთვის - 8 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; დ) კოროზიის საწინააღმდეგო - 7 წელი ან დაახლოებით 161 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.
Comments